#CoronaDiaries – დღე პირველი

იზოლაციის მერამდენე დღე თენდება, არც მახსოვს და დიდად არც მენაღვლება.

რომ დავიწყეთ, ფსიქოლოგების რჩევები წავიკითხე – ისედაც ვერ ვიყავი კარგად და მერე კორონავირუსიო. იქ ეწერა, რეჟიმი არ დაარღვიოთ, პანიკას არ აყვეთო და კიდევ სხვა რაღაცეები.

მე, როგორც ხედავთ, რეჟიმის ამბავი ვერ გავითვალისწინე. პანიკაში დასაწყისში ვიყავი, ეხლა პერიოდულად ვარდები ხოლმე.  სერიოზული პოსტის დაწერა მინდოდა, მერე გამახსენდა რომ პანდემიასთან ბრძოლის  არანაირი გამოცდილება არ გამაჩნია და ძალიან ახალია ეს ყველაფერი, იმისთვის რომ კომპეტენტური აზრი შემოგთავაზოთ.

მარტო საკუთარ თავთან ყოფნა, არასდროს მყვარებია – ამბობენ, ყველაზე მშვიდად მაშინ ხარ, როცა საკუთარ თავთან დარჩენა შეგიძლიაო, მაგრამ მე მშვიდად 1997 წლის 14 იანვრის მერე არ  ვყოფილვარ. არ მიყვარს მარტო ყოფნა, არც ბევრი ხალხი მიყვარს მაგრამ მარტო ყოფნას ყველაფერი მირჩევნია.

ლაპარაკი რომ მიყვარს და მართობს, ეგ კი იცით ყველამ, ვინც ამ ბლოგპოსტს კითხულობთ. ზოგჯერ (მისი თქმით ძალიან ხშირად, ჩემი აზრით კი ზომიერად) ლევანს ველაპარაკები, ზოგჯერ მეგობრებს ჩამოვურეკავ ხოლმე, მაგრამ მალევე ვრჩებით საუბარს რადგან, არ გაგიკვირდებათ და არავის ცხოვრებაში არაფერი არ ხდება.

დეიდაჩემის გადამკიდე, სახლის დალაგება შემიყვარდა – ნერვებს მიმშვიდებს, ამიტომ გამწარებული ვცრეცხავ და ვრეცხავ. მერე სპირტს ვასხამ ყველაფერს და მეც ვისხამ. უთო არ მიყვარს, მაგრამ ეჭვი მაქვს ეგეც შემიყვარდება, თუ ეს მდგომარეობა დიდ ხანს გაგრძელდა. სამსახურის საქმეებსაც გადავხედავ ხოლმე მაგრამ მოგეხსენებათ, ახლა დიდად პოლიტიკური აქტივიზმის დრო არ არის, შესაბამისად პროექტების მოფიქრებით ვართ დაკავებული. ბოლო ორი დღეა, შუა აღმოსავლეთის კონფლიქტებში გარკვევა ვცადე, მაგრამ მემგონი მაგის ბოლომდე გასაგებად 1 წლიანი კარანტინიც არ იქნება საკმარისი, ამიტომ ისევ რუსეთს და ევროპას მივუბრუნდი – კაი ხანია არაფერი წამიკითხავს.

იმ დღეს, ტენდეციას ავყევი, სპორტულ ტანსაცმელში გამოვეწყვე და youtube-ზე ვარჯიშის ვიდეო ჩავრთე – 30 წუთში, კარგ ტანზე დაგაყენებო, მაგარი დაკუნთული ქალი მპირდებოდა. ჰოდა სანამ ის ქალი ოფლად დაიღვარა, თავდაყირა დადგა და მეც მაქო და მადიდა, პირველივე წამს რომელიღაც პოზაში გავიკვანძე და მთელი 30 წუთი გაკვანძული ვუსმენდი  – მერე ორი დღე, დაჭიმული კუნთებისგან მეგონა გულის შეტევები მქონდა – თურმე ჭვალი ყოფილა. არაა ჩემი ეგ საქმე და რა ვქნა.

School of life-ის ბლოგებს ჩავუჯექი,  ბევრი კითხვის შემდეგ მივხვდი რომ ეგზისტენციალური კრიზისი მეწყებოდა და შევჩერდი – მაგიტომ არ მიყვარს მარტო ყოფნა, ისე შორს მივდივარ ფიქრებში, მერე უკან დაბრუნებას კაი ხანი ჭირდება.  მზარეულობაც ვცადე, საფრანგეთიდან რეცეპტი ვთხოვე მეგობარს, ლევანი საყიდლებზე გავუშვი, დეიდაჩემს კი ღუმელის ჩართვის ინსრუქციებზე დავურეკე, საბოლოოდ კი ვანილის მაგივრად, ორმაგი დოზა საფუარი გავუკეთე და ჩემი ზომის ორცხობილები დავაცხვე. მერე დავნებდი –  არც ეგ ყოფილა ჩემი საქმე.

ლევანთან ურთიერთობას ვუფრთხილდები. ერთად ცხოვრება რომ გადავწყვიტეთ, მაშინ კორონავირუსის დროს იზოლაცია რომ მოგვიწევდა რა ვიცოდით, თორემ ასე მარტივად ხომ არ ჩამადგევინებდა სტენკას? მაგრამ მგონი, კარგად ვართ. იმ დღეს ცოტა ხანი აბაზანაში ჩავიკეტე, კარი ჩამოიღო – კატო შენ ხარო? ნეტა სხვას ვის ელოდებოდა. სულ მე ვარ. ან ის.

ამ ყველაფერს ფონად კორონა ადევს – ეხლა ისე ხშირად აღარ, მაგრამ მაინც საკმაოდ ხშირად, ვამოწმებ მსოფლიო სტატისტიკას. დილაობით, თვალს რომ გავახელ, მზე და გაზაფხულის  (ან მეზობლის საჭმლის) სუნი რომ მაღვიძებს,  თითქოს პირველი 2 წუთი მავიწყდება რაც ხდება.  ფბ-ზე სულ შევდივარ, ხან ეკლესიაზე და მთავრობაზე  განრისხებული სტატუსებს ვწერ, ხან პანიკას ავყვები და თავის დამშვიდებას ვცდილობ რომ მარტო არ ვარ, ხან სხვების პოსტებით ვერთობი და გაგუდვამდე ვიცინი, ხან კი გული მიჩუყდება, მთელი მსოფლიო რომ ერთ ვირუსს ვებრძვით და რომ არ ვიცით, როდის მორჩება და რანაირად. ჩემს ცხოვრებას კი იუმორით ვუყურებ, მაგრამ რეალურად რა კრიზისში შევდივართ და რას უნდა ველოდოთ, არვიცი. მსოფლიო შეიცვლებაო, ბევრი წერს, მე კი საერთოდ წარმოდგენაც არ მაქვს რა როგორ შეიცვლება.

უცნაური სოლიდარობა იგრძნობა ხალხში – იმათ არ ვგულისხმობ, ვინც წესებს არ იცავს და  არანაირი პასუხისმგებლობის გრძნობა არ აქვთ.  იმათზე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ  როგორც კი შანსი მოგვეცემა ინტერაქციის, ხელიდან არ ვუშვებთ – მაღაზიაში, ორი მეტრი დისტანციის დაცვით, ვლაპრაკობთ ან ვუღიმით ერთმანეთს (მე ძირითადად ვლაპარაკობ, არ გაგიკვირდებათ – თემა, რა თქმა უნდა, კორონავირუსია).

რასაც მივხვდი ისაა, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია და ჩემი რუტინა, რომელიც ძალიან მბეზრდებოდა ხოლმე, მაგრად მენატრება. დიდი მოგულავე მე არ ვარ, მაგრამ არჩევანის თავისუფლება მომენატრა – აქ წავიდე თუ იქ? გავიდე საერთოდ თუ არ გავიდე? ვნახო თუ მოვიტყუო რომ არ მცალია? 

ეჰ, კარგი დრო იყო – იმედია მალე დაბრუნდება.

კიდევ ვჭამ. ძალიან ბევრს და სულ. ამიტომ, ეს უცნაური პერიოდი რომ დამთავრდება და რუტინას დავუბრუნდებით,  ყველას გვახსოვდეს რა გამოვიარეთ და რატომ ჩავსქუდით – ერთ ნავში ვართ.

Leave a comment